ბაჰრეინი მე-11 აზიური ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი ნაკრები ეთამაშება. სულ კი ეროვნულ გუნდს აზიელებთან 13 მატჩი აქვს ჩატარებული – 6 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება.

5 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბაჰრეინს უმასპინძლებს. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ არ ითამაშებს. სამაგიეროდ, ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე პირველივე წუთებიდან ვიხილავთ – ის ქართველ ფეხბურთელებს მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაუძღვება.
მიმდინარე წელს სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მოედანზე სამჯერ ვიხილეთ – ისრაელთან 2:2 ფრის შემდეგ სტუმრად ლიეტუვას 2:0 სძლია, 2 ივნისს კი რუმინეთთან 1:1 ითამაშა.
ეს იქნება საქართველოსა და ბაჰრეინს შორის პირველი შეხვედრა – ჩვენი ეროვნული გუნდი ფიფა-ს რეიტინგში 72-ე ადგილზეა. ახლა „ჯვაროსნებს“ შეუძლიათ, ფიფა-ს რეიტინგში 19 პოზიციით დაბლა (91) მყოფ მეტოქესთან წაუგებელი სერია გააგრძელონ.
თუმცა ბაჰრეინს სურს აჩვენოს, რომ პრობლემების შექმნა შეუძლია – გუნდს 2025 წლის დეკემბრის შემდეგ მატჩი არ ჩაუტარებია. ბოლოს ბაჰრეინმა 2025 წელს არაბეთის თასზე ითამაშა, სადაც ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. ალჟირთან (1:5) და ერაყთან (1:2) დამარცხდა და მხოლოდ სუდანის ძლევა (3:1) მოახერხა. ამ ტურნირამდე მათ ზედიზედ ხუთი ამხანაგური მატჩი წააგეს, ერთადერთი ფრე კატართან ითამაშეს – 2:2.
ბაჰრეინის ხორვატი მთავარი მწვრთნელი დრაგან ტალაიჩი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ამხანაგური მატჩი სპარსეთის ყურის თასისა და აზიის თასისთვის კარგად მომზადებაში დაეხმარება, სადაც ჩრდილოეთ კორეას, იორდანიასა და უზბეკეთს დაუპირისპირდება.
0
0
მესტიაში კიდევ 47 „მაინერი“ ამოიღეს
05/06/2026