27/10/2022
11:53
პოლიტიკა
მატარებელი დაიძრა - ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოლდოველი ოლიგარქებისა და რუსეთის გავლენის სუბიექტებისთვის აშშ- ის მიერ სანქციების დაწესებას.
მისი თქმით, ივანიშვილი დროულად უნდა ჩამოსცილდეს არაფორმალურ მართვას და დეოლიგარქიზაციის კანონი ამ მხრივ, მისთვის კარგი საშუალებაა.
"ოლიგარქია, როგორც ასეთი, სამუდამოდ მოკვდება. ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, რაც ფაქტობრივად არის არალეგალური ფული, ვინც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი. პლახატნიუკი დიდი ხანია მოლდოვაში არ არის და არ მართავს ქვეყანას არაფორმალურად, ამის მიუხედავად ამ სიაში მოჰყვა, რაც არის დამღა და მასთან ურთიერთობას არც ერთი წესიერი ბიზნესი არ დაიჭერს, არც ერთ ქვეყანაში არ შეუშვებენ, რომელიც ცივილიზებული დასავლური სამყაროს ნაწილია. დაიძრა ეს მატარებელი, ივანიშვილის სანათესაო რომ უკრაინაში უკვე სანქციების ქვეშ არის, ეს ნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ამიტომ დროზე უნდა ჩაეხსნას არაფორმალურ მართვას, ძალაუფლების უზურპაციას.
ყველას ვისაც რაიმე კავშირი აქვს დანაშაულებრივ პუტინის რეჟიმთან და მის გარემოცვასთან, აუცილებლად მოჰყვება ამ სიაში, მოსალოდნელი ძალიან მძიმე შედეგებით,"- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისათვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა მოლდოვაში რუსეთის მუდმივი მავნე გავლენის კამპანიებისა და სისტემური კორუფციისთვის 9 ფიზიკურ პირს და 12 ორგანიზაციას. სანქციები შეეხება მათ შორის, მოლდოვის მთავრობის ყოფილი თანამდებობის პირს ვლადიმერ პლახატნიუკს
0
0