
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სწორი აქცენტები გააკეთა. წითლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარდგენილი კანდიდატი იყო ამ პოსტზე, დღეს ხელისუფლებას უთხრა, რომ ისინი მოღალატეები არიან.
„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რა მოთხოვნები გვაქვს საქართველოს პრეზიდენტთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისზე ვსაუბრობთ - ვსაუბრობთ სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც 2018 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად დასვა საქართველოს პრეზიდენტად. ამიტომ, რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნები საქართველოს პრეზიდენტთან, რომ შეიძლება იგივე პოზიცია ჰქონდეს, რაც იმ ადამიანებს, რომლებიც 11 წელია ქვეყნის ევროატლანტიკური კურსისთვის იბრძვიან, სწორი არ არის. იმაზე შეიძლება ვიდაოთ, შეიძლებოდა თუ არა, უფრო მეტად კრიტიკული ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რატომ იყო მნიშვნელოვანი საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა. თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ოცნების მიერვე წარმოდგენილმა კანდიდატმა, დღეს პირდაპირ უთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ არიან მოღალატეები, რომ რუსულ ინტერესებს აძლიერებენ საქართველოში და არ დგანან იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი. დღეს ნამდვილად ძალიან სწორი აქცენტები ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს. მის სიტყვას ასევე უსმენდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ელჩები და ვფიქრობ, რომ დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა არა როგორც ერთი პარტიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, არამედ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, რომლისთვისაც მე ხმა ნამდვილად არ მიმიცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან სიმართლე უთხრა მმართველ პარტიას და სიმართლე არის ერთი, რომ მმართველი პარტია, „რუსული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ანა წითლიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
0
0