
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა უქმდება. მასწავლებელთა მომზადება ბაკალავრიატის საფეხურზე განხორციელდება.
ეს ერთ-ერთი ინიციატივაა “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ფარგლებში, რომელიც პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარუდგინა.
როგორც სამინისტრო განმარტავს, “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონიდან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ამოღება მიზნად ისახავს მასწავლებლის მომზადების სისტემის ოპტიმიზაციას და მოთხოვნაზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო მოდელების გაძლიერებას, რაც უწყების ინფორმაციით, ხელს შეუწყობს როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე პოტენციური სტუდენტების ინტერესების უკეთ დაცვას.
“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46² მუხლით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა სწავლების ხანგრძლივი პერიოდისა და მაღალი საკრედიტო დატვირთვის (არანაკლებ 300 კრედიტი) მოთხოვნით ხასიათდება, რაც პრაქტიკაში ამცირებს პროგრამის მიმართ ინტერესს და მის ხელმისაწვდომობას პოტენციური სტუდენტებისთვის. ხანგრძლივი სწავლის პერიოდი და შესაბამისი ფინანსური და დროითი რესურსების საჭიროება მნიშვნელოვნად ზღუდავს აბიტურიენტთა არჩევანს და შრომის ბაზარზე შედარებით სწრაფი ინტეგრაციის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
ამავე დროს, “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 47² მუხლი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას არეგულირებს, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლის მომზადებას უფრო მოქნილი და მრავალფეროვანი მოდელის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა შეიძლება ინტეგრირებული იყოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაში ან განხორციელდეს დამოუკიდებლად, მათ შორის იმ პირებისთვისაც, რომელთაც უკვე აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მასწავლებლის პროფესიის ხელმისაწვდომობას და მიზნობრივი ჯგუფების მოცვას.
“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46² მუხლით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და ამავე კანონის 47² მუხლით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ერთსა და იმავე მიზანს - მასწავლებლის მომზადებას ემსახურება.
მიუხედავად ამისა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს სწავლების უფრო ხანგრძლივ და ნაკლებად მოქნილ მოდელს, მაშინ როდესაც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელს ხდის მასწავლებლის მომზადებას უფრო მოკლე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ტრაექტორიების ფარგლებში.
ამ პირობებში, ორივე რეგულაციის პარალელურად არსებობა იწვევს ერთი და იმავე ფუნქციის ორმაგ რეგულირებას, რაც არაეფექტიანად იყენებს საგანმანათლებლო რესურსებს და ართულებს მასწავლებლის მომზადების სისტემის თანმიმდევრულ განვითარებას“, - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მთავრობის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
0
0