
მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში შეკრებილი ხალხის მისამართით რამდენიმე პირმა ცეცხლი გახსნა. როგორც CNN აშშ-ის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, შედეგად დაიღუპა ერთი მამაკაცი, 7 ადამიანი კი დაიჭრა.
„სროლა დაახლოებით 20:00 საათზე, სფრინგ სთრითზე დაიწყო“, - განუცხადა რეპორტიორებს ბალტიმორის პოლიციის კომისარმა რიჩარდ ვორლიმ.
სხვა დეტალებთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც CNN წერს, როდესაც პოლიცია დანაშაულის ადგილზე მივიდა, რამდენიმე დაშავებული დახვდათ, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა 36 წლის მამაკაცი. ხოლო რაც შეეხება დაჭრილებს, ზოგიერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
არსებული ცნობით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ.
„თუ ვინმემ იცის, ვინ მონაწილეობდა ამ დანაშაულში, თქვენი ახლობელი ადამიანიც რომ იყოს, გთხოვთ, მოიქცეთ სწორად. მათაც მოვუწოდებ, თავიანთ საქციელზე პასუხისმგებლობა აიღონ“, - განაცხადა ბალტიმორის მერმა ბრენდონ სკოტმა.
CNN-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აშშ-ში 350-ზე მეტი მასობრივი სროლა მოხდა, რის შედეგადაც 350 ადამიანი დაიღუპა და 1500-ზე მეტი დაშავდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მასობრივ სროლაში მოიაზრება ისეთი შემთხვევები, როდესაც სროლის დროს ოთხი ან მეტი ადამიანი დაიჭრა ან დაიღუპა, თავად ბოროტმოქმედის ჩათვლით.
0
0