
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმას გამოეხმაურა.
„მიპარვით რომ ჩაარტყა, ეს არაფერში არ წერია. მტერს არ ვექცეოდით ასე იმიტომ, რომ ეს ლაჩრობაში ითვლება და არაფერში არ წერია, რაც მან გააკეთა. კომენტარის ღირსიც არ არის ეს ადამიანი. თუ ერთი ადგილი გაქვს და შნო გაქვს მიდი პირდაპირ. მიეპარა გვერდიდან, როცა არ უყურებდა ისე, ჩაარტყა და მერე გარბოდა. იმის შნოც არ ჰქონდა, რომ დამდგარიყო კაცურად და ბოლომდე. რა კაცი, კაცუნაა. ამ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ და მას ეს კინტოს იარლიყი ექნება მთელი ცხოვრება“, - აღნიშნა ზარქუამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
0
0