17/07/2023
14:49
საზოგადოება
პოლონელ ექიმებს არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა და არ უკრძალავდა, ბიოლოგიური ნიმუშები კანონის სრული დაცვით აეღოთ, - ამის შესახებ „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„ეცნობოდნენ ისტორიას, ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ძალიან კოლეგიალურები, კომუნიკაბელურები. ნახეს ყველა კვლევა. ფაქტობრივად, დამატებით მათ ინსტრუმენტული კვლევა არ მოუთხოვიათ, ჩაუთვლიათ საჭიროდ და ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენს სამკურნალო ტაქტიკას.
როგორც გავიგე, ოთახში ყოფნის დროს, ერთ-ერთს აუღია ეს ბიოლოგიური ნიმუშები, თუმცა ბიოლოგიური ნიმუშების აღებას, მოგეხსენებათ, აქვს თავისი წესი. როდესაც ეს გავიგეთ, ჩვენ მათ ავუხსენით, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს პენიტენციური დაწესებულების თანხმობა; პირველ რიგში, თანხმობა - პაციენტის, კლინიკის და ამასთან ერთად უნდა მოხდეს ეს კლინიკის ექიმების თანდასწრებით.
როდესაც ოფიციალური ნებართვა გაიცა პენიტენციური დაწესებულებიდან, აიღეს ეს ნიმუშები. ჩაიდო კონვერტში, დაილუქა ორ ეგზემპლარად: ერთი დავიტოვეთ ჩვენ, მეორე მათ გადავეცით.
ამ ადამიანებს არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა და არ უკრძალავდა ბიოლოგიური ნიმუშები კანონის სრული დაცვით აეღოთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, პოლონელმა ექიმმა ახსნა-განმარტება დაწერა, თუ როგორ მოხდა აღნიშნული ფაქტი.
„დაწერა, რომ ნიმუში აიღო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც კანონიერად მოხდა ნიმუშის აღება, უნდა ჩაედო ჯიბეში, მაგრამ არ ჩაიდო - მას ჩვევა აქვს, რომ ყველაფერს ფეხსაცმელში ინახავს“, - დასძინა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც პოლონელმა ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
0
0