
მართალია, ქუჩაში ზამთარია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მოდის გაზაფხული და მოდის ასევე თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ეს ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება წარმატებით.
„ეს მძიმე ბრძოლაა. ჩემი სრული სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს. მინდა, გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ტელევიზია „მთავარის“ ჟურნალისტური კოლექტივის მიმართ, რომელიც დახურეს სხვადასხვა მანიპულაციით. დიდი ტელევიზიების დრო თანამედროვე პირობებში ბარდება წარსულს. თავის დროზე დიდი წვლილი შევიტანე „მთავარის“ შექმნაში. ახლა მიმაჩნია, რომ მცირე ტელევიზიები და სოცქსელების გამოყენება არის სატელევიზიო სივრცის მომავალი, ახალ შესაძლებლობას უქმნის ჩვენს საამაყო ჟურნალისტებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, სასაცილოა, როცა ვიღაცები თვალს არიდებენ პოლიტპატიმრების რიცხვში მის ხსენებას.
„სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რისთვის ვარ მე აქ. გახსოვთ, რომ ლაპარაკობდნენ, 9 მილიარდი დოლარი მოიპარაო, გახსოვთ, ლაპარაკობდნენ, რომ სააკაშვილმა უამრავი ხალხი დახოცა, უამრავი ვაჟკაცი გააუპატიურაო და ა.შ. ბოლოს რაზე მასამართლებენ – საქართველოში დაბრუნებისთვის, პიჯაკებისთვის და საპრეზიდენტო ოფისის სხვადასხვა ხარჯისთვის. ჰგონიათ, რომ ოლიგარქი უკვე მოიშორეს და ახლა მთავარია, სააკაშვილი არ უნდა მოუშვან არსად. ჯერ ერთი, არსად მოვდივარ და არსაიდან მოშორება არ მჭირდება. ეს არის ძალიან დიდი ბრძოლა, მყავს ბევრი მომხრე. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი სახელის ხსენებას ძალიან ერიდებიან ტელევიზიები. ლევან ხაბეიშვილს ჰქონდა ძალაინ მაგარი გამოსვლა და როგორც კი ჩემს სახელზე გადავიდა, მაშინვე გააწყვეტინეს, ასევე აწყვეტინებენ ხოლმე სხვასაც. მაგარი გამოსვლა ჰქონდა გია ბარამიძესაც, მას არ გააწყვეტინეს და ისაუბრა, მაგრამ ასევე ჩემი მომხრეების უმრავლესობამ, ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. სოციალურ ქსელებში გავაშეაროთ, მათ შორის ეს გამოსვლაც.
ახლა რეჟიმს დაჩქარებული ტემპით მიჰყავს ეს პროცესები, რადგან ცდილობენ ჩემს განადგურებას. ჩემი განადგურება არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც მათ უკვე გაანადგურეს – ქართული სახელმწიფოებრიობა. ვერავინ ვერ გადაშლის იმ აზრს, რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე წარმატებული ცხრა წლის სიმბოლო საქართველოს ისტორიაში. მე ვისჯები იმიტომ, რომ გავბედე და შევქმენი თანამედროვე სახელმწიფო, ვისჯები, რადგან ჭაობიდან შევქმენი ბათუმი, ვისჯები, რადგან ტურისტების რაოდენობა – 50 ათასიდან მივიყვანე 7 მილიონამდე, ვისჯები, რადგან დავამარცხე კორუფცია და არავის მივეცი საშუალება, ეხეირათ ხალხის ხარჯზე. ვისჯები, რადგან მიყვარს ჩემი სამშობლო და დავბრუნდი იქ, სადაც ყველაზე დიდი რისკი იყო, მათ შორის ჩემი სიცოცხლისთვის. ეს თუ არ არის პოლიტიკური დევნა, მაშინ რა არის პოლიტიკური დევნა საერთოდ მშოფლიოში. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, გამოფხიზლდნენ და ყველას მოვუწოდებ, გავერთიანდეთ. ის, ვინც თავს არიდებს ასევე ხშირად ჩემი სახელის ხსენებას, ის ასევე მათ შორის დემოტივაციას უკეთებს ჩემი მომხრეების აბსოლუტურ უმრავლესობას, თუმცა მე მათ ყოველთვის მოვუწოდებ, რომ აქციებზე იარონ. ჩვენ გვჭირდება ბევრი ხალხი, გამბედაობა, ერთიანობა. ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. ერთიანობა მინუს ვიღაც არ გამოდის. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, „ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება გამარჯვებით“.
„მაფიოზურ-კრიმინალური რეჟიმის გარდა, საქართველოში ჩამოყალიბდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი. ბელარუსიც კი, ლუკაშენკო აწარმოებს მოლაპარაკებებს და აპირებს უახლოეს პერიოდში ყველა პოლიტპატიმრის გაშვებას. საქართველოში პოლიტპატიმარს მხოლოდ ამატებენ. ბელარუსს უკვე გადავუსწარით ტემპით და მონდომებით. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება გამარჯვებით. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი.
ეს ხალხი აწყობს ცირკს, ამ ვითომ სასამართლოს. მე გავბედე, წამოვედი და ჩემი სიტყვა შევასრულე ჩემს ხალხთან, ამისთვის აწყობთ ამ კომედიას და ცირკს. ძალიან მეცოდება ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს. პასუხისმგებლობას ბოლოს ვერავინ გაექცევა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ბრძოლას. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრად იდექით, მაგრად ვიბრძვით, ბოლომდე ვიბრძვით, გამარვების ბოლომდე და ყველაფერი გამოგვივა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
21/02/2025