
"დოკუმენტებში ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჩანს, რომ ის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციისთვის მუშაობდა," - ეს განცხადება იგორ ომერზამ გააკეთა, რომელიც ცნობილი სლოვენიელი პუბლიცისტი და მკვლევარია. ის უკვე 20 წელია ევროკომისარ მარტა კოსის საიდუმლო წარსულს იკვლევს.
მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მან საარქივო მასალებში 10 საკვანძო დოკუმენტს მიაკვლია. ომერზას განცხადებით, მოპოვებული საბუთები ადასტურებს, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი - "უდბას" - იმ საიდუმლო პოლიციის ჯაშუში იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.
"უდბა" უკვე წლებია დახურულია, საბჭოთა კავშირი კი დაშლილი, სწორედ ამიტომ ახლა მთავარი კითხვაა - რატომ არის 2026 წელს კოსის წარსული ასეთი მნიშვნელოვანი. იგორ ომერზა ვარაუდობს, რომ ევროკომისარი შესაძლოა დღეს გარე ძალების ხელში იარაღიც იყოს მითუმეტეს, რომ პუბლიცისტის დაკვირვებით, კოსის ორმაგი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია დიდი ალბათობით რუსეთის დაზვერვას უკვე აქვს. ამიტომ, ომერზა მოუთმენლად ელის, როდის გადააყენებს ევროკომისიის პრეზიდენტი ამავე ევროკომისიის მაღალჩინოსანს.
ევროკომისრის წარსულმა კითხვები თბილისშიც გააჩინა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მარტა კოსისგან ახსნა განმარტებას მოითხოვენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ შეუძლებელია დიალოგი იმ ადამიანთან, რომელიც წარსულში სოციალისტური იუგოსლავიის ჯაშუშურ სამსახურთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ომერზას წიგნის პრეზენტაცია ევროპარლამენტში "იპიპიმ" მოაწყო. ქართული ოპოზიციის მხარდამჭერი ევროპის სახალხო პარტიისთვის მტკიცებულებები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ დუმილს მოქმედება არჩია. პარტნიორის პოზიციის მიუხედავად, გახარიას პარტიაში მაინც აცხადებენ, რომ გავრცელებული მტკიცებულებები, რომელმაც მთელი ევროპა აალაპარაკა, სათანადოდ მყარი არ არის, რის გამოც ამ თემაზე ვერ ისაუბრებენ.
საკითხი შეფასდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც, სადაც აცხადებენ, რომ მორალურად მიუღებელია მარტა კოსისგან, საქართველოს მიმართ, რაიმე სახის კრიტიკის მოსმენა, მაშინ, როცა ევროკომისარის ჯაშუშობის შესახებ ცნობები დოკუმენტებით დადასტურდა.
მარტა კოსისგან ახსნა-განმარტებას ახლა ევროპარლამენტიც ითხოვს. აპრილში სხდომაც ჩაინიშნა, სადაც კომისარმა მწვავე კითხვებს უნდა უპასუხოს.
0
0