
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის რადას მიერ დამტკიცებული კანონის გამო, რომლითაც უქმდება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობა.
როგორც ევროკომისარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ამ უწყებების დამოუკიდებლობა არსებითია უკრაინის ევროინტეგრაციისთვის.
„სერიოზულად შეშფოთებული ვარ რადაში დღევანდელი კენჭისყრით. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დაცვის საკვანძო მექანიზმების გაუქმება არის სერიოზული ნაბიჯი უკან. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის მსგავსი უწყებების დამოუკიდებლობა არსებითია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის. კანონის უზენაესობა რჩება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში“, – წერს მარტა კოსი.
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა დღეს ხელი მოაწერა უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონს. ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.
ამჟამად პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაეგზავნა.
ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდეს, არ მოაწეროს ხელი კანონპროექტს.
0
0