
ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე უკრაინისთვის ომის დროს გამონაკლისის დაშვება სასარგებლო არ იქნებოდა არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
როგორც კოსმა აღნიშნა, მსგავსი გამონაკლისი შეასუსტებდა ნდობას როგორც გაწევრიანების პროცესის, ისე მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.
კოსის თქმით, მთავარი მიზანია, რომ უკრაინა სრულად იყოს მზად ევროკავშირში თანაცხოვრებისა და ფუნქციონირებისთვის.
„ვფიქრობ, თქვენი ქვეყნისთვის გამონაკლისები არ დაეხმარება მას, არ გააძლიერებს, რადგან ეს შეარყევს ნდობას მთელი პროცესისა და თქვენი მომავალი წევრობის მიმართ. საქმე ეხება თქვენი მზადყოფნის უზრუნველყოფას, თქვენი ნამდვილი მზადყოფნის უზრუნველყოფას თანაარსებობისთვის, ევროკავშირში ერთად ცხოვრებისთვის. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებით უნდა გაგვაძლიეროს და არა – დაგვასუსტოს. კანდიდატ ქვეყანასთან როცა ვმუშაობთ, თქვენ, როგორც კანდიდატს, ტრანსფორმაციის პროცესის მეშვეობით გამზადებთ. ყველაფერი სწორად უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა მარტა კოსმა.
მისივე თქმით, უკრაინის შემთხვევაში ევროკომისია პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებას ცდილობს, თუმცა მთავარი მაინც რეფორმების ტემპზეა დამოკიდებული.
„ყოველი განხორციელებული რეფორმა უკრაინას ევროკავშირთან აახლოებს. რეფორმები როცა ჩქარდება, წევრობაც ახლოვდება, ხოლო მათი შენელების შემთხვევაში გაწევრიანების თარიღიც შესაბამისად გადაიწევს“, – განაცხადა კოსმა.
0
0