
ეკონომიკურ განვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, ხშირად ვივიწყებთ, როგორი მნიშვნელოვანია მშვიდობა, – ამის შ ესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ერევანში, სომხეთის ვიცე-პრემიერთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მარტა კოსის თქმით, სამხრეთ კავკასიაში პირველად მოხერხდა მშვიდობის დამყარება, რაც არის მისი რეგიონში ვიზიტის მიზეზი და მიზანიც.
„მშვიდობიანი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ინვესტიციები დავაბანდოთ ტრანსპორტში, დაკავშირებადობასა და გაციფრულებაში. ახლა დადგა დრო, ასევე ინვესტიცია დავანაბდოთ სამშვიდობო პროცესში. ეკონომიკურ განვითარებაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ხშირად ვივიწყებთ, როგორი მნიშვნელოვანია მშვიდობა. ევროპა დაფუძნებულია მშვიდობაზე და არის პარტნიორი მშვიდობის საქმეში. სამხრეთ კავკასია და სომხეთი გახლავთ იმ გარდაქმნების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც შეცვლიან ვითარებას ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა მარტა კოსმა.
მარტა კოსის თქმით, სომხეთის მდგრადი განვითარების პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში ერევანი მიიღებს 200 მილიონ ევროს, რაც წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ სომხეთი ერთგულია რეფორმების მკაფიო პროგრამის.
ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო და რეგიონალური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაზე დაკავშირებადობის სფეროში, რომელიც დააკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან, მათ შორის სამხრეთ კავკასიის გავლით, სომხეთის ჩათვლით.
0
0