
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც “მარო მაყაშვილის სახელობის” იქნება.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ამ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა.
"გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა - ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით", - წერს გიორგი კეკელიძე.
ცნობისთვის, 7-9 მარტის აქციების კადრებში ჩანს გოგო, რომელიც რუსთაველზე მყოფი სპეცრაზმის მიერ გაშვებულ წყლის ჭავლს საქართველოს დროშით ზურგზე ეცეკვებოდა. ის 16 წლის სალომე კენჭიაშვილია, ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონი.
სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში წყლის ჭავლთან ცეკვის მომენტს იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციელებს ბიჭი ეგონათ და მისი დაკავებაც სცადეს.
0
0