26/10/2024
18:18
არჩევნები 2024
მარნეულში კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე - კომისიის წევრმა 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და ჩვენი დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციამ საოლქო-საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.
დოლიძემ 18:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა შეაჯამა და დარღვევებზე ისაუბრა.
„დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გრძელდება კენჭისყრის პროცესში ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. მათ შორის, კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, ისევ მარნეულის საარჩევნო ოლქში, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე. რა თქმა უნდა, გასაჩივრებული გვაქვს ეს საარჩევნო უბანი. გამოვლენილ ტენდენციებს შორის განსაკუთრებით ხაზგასასმელია მარკირების პროცედურის გარეშე საარჩევნო უბანზე დაშვების შემთხვევები, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის და საარჩევნო უბნიდან გაძევების, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული და ელექტრონული აპარატების ხარვეზებთან დაკავშირებული შემთხვევები. ასევე უბნის მიმდებარედ კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში კვლავ შეინიშნება არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათ შორის, პარტიის კოორდინატორების მობილიზება, აგრეთვე მათ მიერ ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირების და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვების შემთხვევები, რაშიც ძირითადად „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები ფიგურირებენ,“ - განაცხადა დოლიძემ.
0
0