
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ყოველთვის დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას.
„პრეზიდენტი ყოველთვის დიპლომატიას და შედეგს ანიჭებს უპირატესობას. და ჩვენ ამის გაკეთება მანამდეც შეგვეძლო. წარმოიდგინეთ ირანის რეჟიმი, რომელიც ტერორისტული ჯგუფების მხარდასაჭერად მილიარდობით დოლარის დახარჯვისა და ამდენი იარაღის შექმნის ნაცვლად, ამ თანხას ირანში ჩადებდა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
ამასთან, მისივე თქმით, ირანს არ უნდა ჰქონდეს სისტემა, რომელიც სწრაფად იარაღად გადაქცევის შესაძლებლობას იძლევა.
„უნდა შეწყვიტონ ყველა ამ დრონის და რაკეტის წარმოება. ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ იტყუებოდნენ. თქვეს, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები არ ჰქონდათ, შემდეგ კი ორი გაისროლეს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
გარდა ამისა, მარკო რუბიომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, როდესაც ეს ოპერაცია დასრულდება ის ნებისმიერ შემთხვევაში გაიხსნება. გაიხსნება, რადგან ირანი დათანხმდება საერთაშორისო სამართლის დაცვას და სავაჭრი გზას არ დაბლოკავს, ან მსოფლიოსა და რეგიონის ქვეყნების კოალიცია, შეერთებული შტატების მონაწილეობით მის გახსნას უზრუნველყოფს. ასე თუ ისე, ის გაიხსნება“, – აღნიშნავს რუბიო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონს აქვს გარკვეული მიზნები, რომელთა მიღწევასაც ცდილობს. ამასთან, მისივე თქმით, მიზნების უმეტესობა მიღწეულია.
„ეს მიზნებია ირანის საჰაერო ძალების განადგურება, რაც მიღწეულია, მათი საზღვაო ფლოტის განადგურება, რაც დიდწილად მიღწეულია, მათი რაკეტების გამშვები მოწყობილობების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რომლის მიღწევის გზაზეც ვართ. ჩვენ ვაპირებთ, გავანადგუროთ ის ქარხნები, რომლებიც იმ რაკეტებსა და დრონებს აწარმოებენ, რომლებსაც ირანი მეზობლებზე, შეერთებულ შტატებსა და ჩვენს რეგიონში ყოფნაზე თავდასხმისთვის იყენებენ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
0
0