
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ისევ მზადაა რუსეთთან შეხვედრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ მუდმივად დაინტერესებული იქნება რუსეთთან კონტაქტით, თუ იარსებებს მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა.
„ჩვენ კვლავ გვსურს რუსებთან შეხვედრა. საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა და ამ დიალოგს განვაგრძობთ. ყოველთვის დაინტერესებული ვიქნებით კონტაქტით, თუ იარსებებს მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა“, – განაცხადა რუბიომ.
კითხვას, თუ რატომ შეცვალა აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება პუტინთან შეხვედრის შესახებ და რატომ დაუწესა სანქციები რუსეთს, მარკო რუბიომ ასე უპასუხა: „პრეზიდენტმა რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ გარკვეულ ეტაპზე იძულებული იქნებოდა, რაღაც გაეკეთებინა, თუ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში პროგრესი არ იქნებოდა, დღეს სწორედ ის დღე იყო, როცა მან გადაწყვიტა, ემოქმედა“,- აღნიშნა მარკო რუბიომ.
0
0