
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ არ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ სასამართლო მას ელექტრონული სამაჯურის ტარებას დაავალდებულებს, მაშინაც კი, თუ არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა მოეხსნება.
პროკურორები სასამართლოსგან ლე პენისთვის 100 000 ევროს ჯარიმას და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ, აქედან სამი წელი პირობითი იქნება. ფრანგული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს ელექტრონული სამაჯურით მოუწიოს სასჯელის მოხდა.
„ელექტრონული სამაჯურის ტარებით საარჩევნო კამპანიის წარმოება შეუძლებელია. როგორ შეიძლება საარჩევნო კამპანიის წარმოება საღამოს მიტინგებზე ამომრჩევლებთან შეხვედრის გარეშე? ეს კიდევ ერთი გზა იქნება, რომ კანდიდატად კენჭი არ ვიყარო“, – აღნიშნა ლე პენმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას.
ცნობისთვის, პარიზის სააპელაციო სასამართლო ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის საქმეზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს. გასული წლის მარტში, სასამართლო დადგენილებით, მარინ ლე პენს ხუთი წლის ვადით შეეზღუდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება მას შემდეგ, რაც ლე პენი და კიდევ რვა დეპუტატი დამნაშავედ ცნეს ევროკავშირის ფონდებიდან 4 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის თანხის მითვისებაში. ამის შემდეგ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაიწყო. სასამართლო წინა ინსტანციის დადგენილებას თუ გააუქმებს ან შეამცირებს შეზღუდვის ვადებს, მარინ ლე პენი უფლებამოსილი გახდება, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში.
0
0