31/07/2023
13:34
საზოგადოება
მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილის, 14 ივლისს საბერძნეთში ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიკუნა მიქატაძის და მისი ოჯახის შესახებ მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე საუბრობს.
ნანა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ირინა მიქატაძე მისი მეგობარი იყო და მისი გარდაცვალება სამეგობროსთვის „მეხის გავარდნის“ მსგავსი იყო. მსახიობი აღნიშნავს, რომ მარიკუნას გარდაცვალებამ მათ სამეგობროს ძველი იარა განუახლა:
„ირინე ჩემი დის, ნინოს კლასელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ირინეს გარდაცვალებიდან თითქმის 40 წელი გავიდა, ამ თემაზე ლაპარაკი დღემდე მიჭირს. ეს ჩვენთვის მეხის გავარდნა იყო. ირინეს გარდაცვალების ამბავი ჩვენთვის ისეთი დამანგრეველი იყო, მთელს სამეგობროს ფსიქიკა დაგვერღვა და ეს ტრავმა ძალიან დიდხანს გაგვყვა.
ამ დრომდე, ყოველ ირინობადღეს, ყოველ მის დაბადების დღეზე – 8 ნოემბერს და ყოველ 19 მარტს – გარდაცვალების დღეს, მის საფლავზე გავდივართ.
ირინე, ჩვენი, ყველას გამაერთიანებელი იყო – მხიარული, ნიჭიერი, ჭკვიანი, ენერგიული, რაღაცნაირი დაუდგრომელი… მარიკუნას გარდაცვალებამ ეს იარა განგვიახლა“, – ამბობს ნანა ლორთქიფანიძე.
მსახიობი ირინა მიქატაძის გარდაცვალების პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მიიღეს პასუხი, რომლის თანახმადაც, არ არსებობდა იარაღის გავარდნის არანაირი პრაქტიკული შანსი, რომლითაც მეუღლემ, გია ფერაძემ მოკლა ირინა:
„მომხდარის შემდეგ დაავადდა ირინეს დედაც, მამაც და მარიკუნას თავს დამტყდარი ტრაგედიაც, მე თუ მკითხავთ, იმ დანაშაულის შედეგია. ეს ბავშვი ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც სულ გლოვა იყო“, – ამბობს ნანა ლორთქიფანიძე და მარიკუნას იხსენებს.
„მარიკუნა უბედურ ვარსკვლავზე დაიბადა – მამამ მოუკლა დედა და როგორი ტრაგიკული ფინალი აქვს მის ცხოვრებას…
მარიკუნა ძალიან კარგი გოგო იყო, თუმცა, თავისი ტრაგიკული ცხოვრებიდან გამომდინარე, ცოტა რთული ხასიათიც ჰქონდა. უზომოდ მომხიბვლელი და ლმობიერი გოგო იყო…
ბოლოს საქართველოში იყო და საბერძნეთში მხოლოდ სტუმრად ჩავიდა. გარკვეული პერიოდი წასული იყო ჯერ კიევში, შემდეგ მოსკოვში. თავის ყოფილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა უკრაინაში, ძირითადად კი საქართველოში ცხოვრობდა.
მარიკუნა ძალიან ჰგავდა დედას. ჩვენ, ირინას მეგობრებმა გადავუხადეთ ნიშნობა, ქორწილი. ყველაფერში მხარში ვედექით, რა და როგორც შეგვეძლო და რის საშუალებასაც თავად გვაძლევდა, როცა გაიზარდა“, – იხსენებს ნანა ლორთქიფანიძე „სარკესთან“ ინტერვიუში.
0
0