
სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ოთხმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კირილ ტემელკოვი.
მარიამ ქვრივიშვილმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა რეგიონული ინიციატივის წინ წამოსაწევად გამოხატული მტკიცე ერთგულებისთვის და ხაზი გაუსვა ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას, რამაც საფუძველი ჩაუყარა რეგიონული ელექტროენერგეტიკული კავშირების გაძლიერების საერთო ხედვას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, დივერსიფიკაცია და მდგრადი განვითარება მხოლოდ მჭიდრო კოორდინაციითა და პრაქტიკული ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ამ კონტექსტში, მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის ინიციატივას აქვს დიდი პოტენციალი, იქცეს უმნიშვნელოვანეს პლატფორმად, რომელიც რეგიონის ენერგეტიკულ რესურსებსა და განახლებადი ენერგიის პოტენციალს ევროპულ ბაზრებთან დააკავშირებს.
შეხვედრაზე „მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის“ პროექტის ფარგლებში, ოთხი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორის (TSO) მიერ ერთობლივი კომპანიის დაფუძნების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც დააფინანსებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და შემდგომში უშუალოდ განახორციელებს პროექტის მართვას.
ამჟამად მომზადებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ტექნიკური დავალების პროექტი, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ელექტროენერგიის გადაცემას თურქეთის ელექტროქსელის გავლით თურქეთსა და ბულგარეთის მიმართულებით, ხოლო შემდგომ ევროპის სხვა ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივას საფუძველი 2024 წლის 22 ნოემბერს სტამბოლის ენერგეტიკულ ფორუმზე ჩაეყარა, ხოლო 2025 წლის 4 აპრილს ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტრთა მე-11 შეხვედრაზე ოთხი ქვეყნის სამინისტროებს შორის ოფიციალურად მოეწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, ალფარსლან ბაირაქტართან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა განიხილა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკის, სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებებით. აღინიშნა, რომ ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც წარმატებით აისახება ენერგეტიკის სექტორში ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის პროცესებში. ითქვა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა თურქეთის, როგორც საიმედო პარტნიორის როლს ენერგეტიკის სფეროში და აღნიშნა საქართველოს ინტერესი, რომ ქვეყანაში ჭარბი გენერაციის შემთხვევაში ელექტროენერგიის ექსპორტი თურქულ ბაზარზე განხორციელდეს.
მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოში ენერგეტიკის დარგის განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2036 წლისთვის ქვეყანა ენერგეტიკულად თვითკმარი უნდა გახდეს, ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ კი 11 500 მგვტ-ს უნდა მიაღწიოს. აღნიშნული სტრატეგია ასევე მოიცავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ეს მასშტაბური ინიციატივა დამატებით გააძლიერებს როგორც საქართველოს საექსპორტო პოტენციალს, ისე მთლიანად რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობას.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
0
0