
ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის – ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum – GIMF 2026) გახსნა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.
„სწორედ ამ გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ შესაძლებლობას თანმიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკით ვპასუხობთ. ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას“, – განაცხადა მინისტრმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, ამ ხედვის შესაბამისად, ხელისუფლება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
0
0