
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.
ქვრივიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, ასევე ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკაზე ეკონომიკური განვითარების კუთხით, ამავდროულად, პრეზიდენტს გავაცანით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარების სამთავრობო პოლიტიკა, მათ შორის, უმთავრესად, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ მეტად გაძლიერებას სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის ვაჭრობა, ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ასე შემდეგ.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ასევე ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან, სადაც მხარეებმა სიღრმისეულად განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
„ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანთან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
0
0