06/03/2026
11:57

ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კონგრესმენებთან. ვხედავთ, რომ სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატული არის ჩვენი შეხვედრები. ეს ეხება უშუალოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას. სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
მისი თქმით, აშშ-ში გამართული სხვადასხვა შეხვედრიდან ჩანს, რომ წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, მოქმედ ადმინისტრაციას სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ.
„დღეს ადმინისტრაცია არის ძალიან პრაგმატული. ეს უშუალოდ გამოიხატება ჩვენი ქვეყნის, რეგიონის ეკონომიკური მიმართულების და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით განხილვაში. საუბარი გვქონდა როგორც „შუა დერეფნის“ როლზე, საქართველოს როლზე ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ის, რომ გავაგრძელოთ კონგრესმენებთან ის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რომელიც პირველ რიგში არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ეხება. ასევე, ეხება იმ კეთილდღეობას, რომელიც პირდაპირ გამოიხატება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაში, გამოიხატება აშშ-დან ინვესტიციაში.
წინა ადმინისტრაციის მხრიდან ინვესტიციები ხდებოდა მხოლოდ ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდაში და მათი რესურსები ხმარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას. დღეს ვხედავთ, რომ ამ ადმინისტრაციაში სრულიად შეცვლილია განწყობები. შეცვლილია დამოკიდებულება და მათი ინვესტიციები მიემართება ეკონომიკის, ვაჭრობის და იმ რეალური ხელშესახები შედეგებისკენ, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს რეალურად თვისობრივად გადაახალისებს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
0
0