
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, სლოვაკეთში ვიზიტისას სხვადასხვა მიმართულებით შედგება შეხვედრები.
მისივე თქმით, ერთ-ერთი აქცენტი გაკეთდება განათლების მიმართულებით.
„სლოვაკეთში საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების მიზნით ვიზიტი მნიშვნელოვანია. შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით გვექნება. ერთ-ერთი აქცენტი გაკეთდება განათლების მიმართულებით, რადგან ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა განახორციელა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ჩვენც განათლების რეფორმის აქტიურ ფაზაში ვართ და მნიშვნელოვანია, ევროპული ქვეყნის გამოცდილება მოვისმინოთ. საზოგადოებამ იცის იმ მყარი, მტკიცე მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც სლოვაკეთი საქართველოს მიმართ გამოხატავს რეზოლუციების მიღებისას თუ სანქციების არდაშვების თვალსაზრისით“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.
0
0