
"ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრებას პოლიტიკის გაჯანსაღების სურვილით ხსნის.
როგორც მარიამ ლაშხმა რადიო ,,სივრცეში“ განაცხადა, საჯარო მოხელეების შეურაცხყოფაზე კანონი კონსტიტუციაზე და გაეროს კონვენციაზე დაყრდნობით გამკაცრდა.
"პირველ რიგში, ადამიანის ღირსება არის ხელშეუხებელი. ძალიან ადვილია ზღვარის გავლება გამოხატვის თავისუფლებასა და ღირსების შელახვასა თუ ზიზღის გაღვივებას შორის“ - აცხადებს ლაშხი.
მისივე თქმით, ხელისუფლების მოვალეობაა ქვეყანა დაცალოს ზიზღის დაფინანსებული კამპანიებისგან, რადგან ასეთი დამოკიდებულება არც ქართულ კულტურაშია და არც ქცევაში.
იმის დასტურად რომ საქართველოს არაფერი ახალი მოუგონია და არც ცენზურა დაუწესებია, ლაშხმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები მოიყვანა და ასევე გაიხსენა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შემთხვევა, რომელსაც სოციალურ ქსელში ყველაზე სულელი მინისტრი უწოდეს და ამ სტატიის ავტორს სასამართლომ 9 600 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი შინაარსზე და განხილვებზე დაფუძნებული პოლიტიკის მშენებლობაა.
,,თავიდან უნდა ავირიდოთ დაფინანსებული ზიზღის კამპანიები „ - ამბობს დეპუტატი.
0
0