
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა მარიამ გრიგოლიშვილმა საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს გამოუცხადა სამძიმარი სულიერი მამის გარდაცვალების გამო.
„უდიდესი მწუხარების მიუხედავად, ამაყიც ვარ იმითი, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ შეძლო საქართველოს გაერთიანება.
ამასთანავე, გავხდით იმ ისტორიული ქმედების მომსწრენიც, როდესაც მუსლიმებმა და იეზიდებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივისცემის ნიშნად საკუთარი რელიგიური დღესასწაულებიც არ იზეიმეს.
დღეს, როდესაც ამ დიდი დანაკარგს განვიცდით, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ ერთიანობის შენარჩუნებაა. ისე გამთლიანებულად და ერთ მუშტად შეკრულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა, როგორც ამ მძიმე დღეებში ვიდექით ერთმანეთის გვერდით“, - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
საკრებულოს წევრი უნგრეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ შეძლო ამ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე სახელოვნად წარმოჩენა და მთელი მსოფლიოს წინაშე ილია II-ის განსაკუთრებულ ღვაწლზე საუბარი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქრისტიანული ტრადიციების მნიშვნელობაზე საქართველოსათვის. მან განაცხადა, რომ სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა ერის სულიერი და კულტურული განვითარება.
დღეს ჩვენი ერთიანობა არის ის ძალა, რომელიც ინახავს ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობას და თუ ამ ერთიანობას შევინარჩუნებთ, სწორედ ეს იქნება ყველაზე ძლიერი პასუხი და განაცხადი, რომ მისი დანატოვარი საქართველო არის შეურყეველი და ღირსეული“, - დასძინა მარიამ გრიგოლიშვილმა.
0
0