
მარცვლეულის გარიგებაში თურქეთის მონაწილეობა რუსეთისთვის მთავარი ნდობის ფაქტორია. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მოცემულ შემთხვევაში, გარანტიები თურქული მხრიდან იყო, გასაგები მიზეზების გამო, ისინი პირდაპირ ვერ მოგვაწვდიდნენ. ამ შემთხვევაში, მოსკოვი და ანკარა მოქმედებენ როგორც მხარეები, რომლებსაც ეს გარანტიები მიეცათ", - განაცხადა მან.
პესკოვმა დასძინა, რომ აქცენტი შეთანხმების მნიშვნელობაზე კეთდება, ისევე, როგორც სამუშაოზე, რომელსაც თურქი სამხედრო დიპლომატები და პირადად თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ახორციელებდნენ.
"და კიდევ, ამაში თურქეთის მონაწილეობა, ალბათ, ნდობის მთავარი ფაქტორია", - თქვა პესკოვმა.
მისივე თქმით, მარცვლეულის გარიგებაში რუსეთის მონაწილეობის აღდგენა მის ავტომატურ გაგრძელებას არ ნიშნავს.
"არა, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გახანგრძლივების თემა ჯერ კიდევ უნდა განვიხილოთ, ოფიციალური ვადა ჯერ არ ამოწურულა, გარიგება ჯერ კიდევ ძალაშია", - თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს, რუსეთმა უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში რუსულ გემებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო თავდასხმის შემდეგ შეჩერდა.
0
0