
მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ნინო დათაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა. პროკურატურამ გირაოს თანხა 5000 ლარი დაასახელა და გადახდის ვადად 30 დღე. რასაც დაეთანხმა დაცვის მხარეც და მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორის თქმით, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
იმავე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავდა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეც. მათ წარმოდგენილი ჰქონდათ შესაბამისი სამედიცინო დასკვნაც კლინიკა „ვივამედიდან“.
ნინო დათაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო და ციხის ადმინისტრაციას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ციხის ადმინისტრაციას, ექიმებს, ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობს გასაუმჯობესებლად, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და ახლა 2 ოპერაცია მჭირდება“, – განაცხადა დათაშვილმა.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0