
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვაჟა სირაძე თავისი საქმის სერიოზული პროფესიონალი, ქვეყნის ერთგული ჯარისკაცია და ძალიან საპასუხისმგებლო დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
მდინარაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის რეფორმატულ მიდგომებს მიესალმება.
„90 პროცენტზე მეტი ალბათ გარკვეული როტაცია იყო, რასაც მივესალმებით. პირადად მე მიმაჩნია, რომ, განსაკუთრებით აღმასრულებელ რგოლში, ადამიანი ერთსა და იმავე თანამდებობაზე 7-10 წელი არ უნდა მუშაობდეს. ვაჟა სირაძე თავისი საქმის სერიოზული პროფესიონალი და ქვეყნის ერთგული ჯარისკაცია, რომელიც თავის მოვალეობას დიდი წარმატებით ართმევდა თავს და მან ბევრჯერ დაამტკიცა, რომ შეუძლია, სამაგალითო პოლიციელი იყოს. ის ძალიან საპასუხისმგებლო დეპარტამენტის თანამდებობაზე გადავიდა, რაც მნიშვნელოვანი პოზიციაა. შეგვიძლია, თითოეული მათგანის პოზიციურ ცვლილებას გავყვეთ. გელა გელაძე ამ საქმეში ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, ის თავის უწყებას სწორად მართავს. ეს ყველაფერი უკვე იგრძნობა. მის ნაბიჯებს მივესალმები გარკვეული რეფორმატული მიდგომების შესახებაც. ვახტანგ გომელაური ამ ყველაფერს თავს წარმატებით ართმევდა და გელა გელაძემ მიიღო გამოწვევა, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს ასეთი რეფორმატორული დინამიკა. მათ შორის, საპატრულო პოლიციის მიდგომებზე. ჩვენი მიდგომაა, რომ ადამიანები თავს დაჩაგრულად არ გრძნობდნენ ვიღაცასთან შედარებით – დაბურული შუშებიდან დაწყებული, ე.წ. ბასლაინზე სიარულით დამთავრებული. ჩვენი მიდგომაა, არ იყვნენ პრივილეგირებული და ნაკლებად პრივილეგირებული ადამიანები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დარღვევა ყველასთვის დარღვევაა. ამ მიდგომას გელა გელაძე თუ განამტკიცებს, მივესალმებით, ამას მოვუწონებთ და ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ერთ-ერთი საკადრო ცვლილების თანახმად, ვაჟა სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
0
0