
მე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევს. მართლა მეორე ოჯახი არის და იყო ეს ჩემი. მინდა „ქართული ოცნების“ ყველა წევრს, ყველა წარმომადგენელს - დაწყებული ბატონი ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული პარტიის რიგითი ჯარისკაცით, ყველას მადლობა გადავუხადო ამ წლებისთვის. ეს მართლა ჩემი მეორე ოჯახი იყო, არის და იქნება. დრო გავა და ალბათ ამ ოჯახში დავბრუნდები, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩემთვის მეორე ოჯახი სხვა იყოს, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ.
მან აღიარა, რომ პარლამენტიდან წასვლის გამო „ცოტა გული წყდება“, თუმცა გუნდს ქვეყნის სიძლიერეზე ზრუნვის ახალი შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ დღეიდან შემეძლება სხვა მიმართულებიდან ვიზრუნო ჩემი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე და თუ ჩემს ნამუშევარს შეაფასებენ წლების შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი ამ შეფასებას პირადად ჩემთვის, თუ იტყვიან, რომ ეს სამსახური თვისებრივად ახალ, მოდიფიცირებულ, გაძლიერებულ სამსახურად შედგა და თუ მისი წარმომადგენლები, რომლებიც ისედაც ამაყები არიან თავიანთი საქმიანობით, კიდევ უფრო ამაყები და კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ამის გამო“, - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. მდინარაძეს კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.
0
0