01/02/2025
00:06
პოლიტიკა
„ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს.
როგორც „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, “360 გრადუსი“ აღნიშნა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რუსულ ტრადიციას გაჰყვა და დამნაშავეები სწორედ „ქართულ ლეგიონში“ ნახა.
ამასთან, მამულაშვილმა ისაუბრა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტის წვერი ერიკ კალინიაკი ფოტოს ავრცელებს, რომელზეც მამულაშვილი ჩანს სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ინიციატივის, „მშვიდობა უკრაინის“ წევრ ლუცია შტასელოვასთან ერთად.
მამულაშვილი აცხადებს, რომ ის სლოვაკეთში წიგნის პრეზენტაციაზე იყო ჩასული, რომელიც 2 წლის წინ ჩატარდა და მასთან ერთად უამრავმა ადამიანმა გადაიღო ფოტო, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
რაც შეეხება „მშვიდობა უკრაინის“ წევრ ლუცია შტასელოვასთან ფოტოს, როგორც მამულაშვილი აცხადებს, მან იცის ფოტოს შესახებ , თუმცა არ იცოდა, რომ ფოტოს პოლიტიკოსთან ერთად იღებდა.
„ფოტოებს რაც შეეხება, სლოვაკეთში იყო წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ჩემზე და „ქართულ ლეგიონზე“ დაიწერა. როგორც მთავარი გმირი, ისე ვიყავი პრეზენტაციაზე დაპატიჟებული. პრეზენტაცია იყო სლოვაკეთის რამდენიმე ქალაქში. ადამიანები, რომლებიც ღონისძიებებს ესწრებოდნენ, ჩემთან მოდიოდნენ და სურათებს იღებდნენ. ისინი შეიძლება სპორტსმენები, პოლიტიკისები ყოფილიყვნენ ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენლები. სურათი მახსოვს, მაგრამ ეს ქალბატონი თუ პოლიტიკოსი იყო, არ ვიცოდი. ამის შესახებ მას შემდეგ გავიგე, რაც სურათი გამოქვეყნდა. კიდევ ერთი სურათი გამოქვეყნდა პოლიტიკოსთან ერთად, შესაბამისად , რიტორიკა აქვთ, რომ ამ ადამიანებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას ვამზადებდით, თუმცა ეს სურათი გადაღებულია 2 წლის წინ“, - განაცხადა
წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ბრალდებები წაუყენოს, ლეგიონის მეთაური პასუხობს, რომ „არ არის გამორიცხული, რადგან საქართველოსთვის და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება“.
ინფორმაციისათვის, „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაციის გამო ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.
მანამდე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული „ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს.
0
0