
მამუკა ხაზარაძის პირველი აღიარება უკვე მოვისმინეთ, აღიარებულია, რომ ხაზარაძე გადასახადებს არ იხდიდა კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, მამუკა ხაზარაძის მეორე აღიარება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს.
„პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რეალურად, მართლა გადასახადის არგადახდას ჰქონდა ადგილი, თუ სინამდვილეში საერთოდ არ იყო არანაირი ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების დაქირავებას. პირველი აღიარება მოვისმინეთ, თუმცა შეიძლება, უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება“, – განაცხადა კობახიძემ.
შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით 4 აგვისტოს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.
მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი“ და ამ დროისთვის თანხა სრულად გასტუმრებულია.
0
0