
ისევ პრეზიდენტთან უნდა შევიკრიბოთ, ისევ უნდა დაბრუნდეს ყველა კოალიცია და ეს არჩევნები გადავაქციოთ საერთო ეროვნულ სახალხო რეფერენდუმად, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ერთობა.
„12 წელია, ეს ადამიანები ვერ მოვიშორეთ, რატომ? რადგან შეცდომებს ვუშვებთ, ემოციას ვართ აყოლილი, არ მიმდინარეობს მსჯელობა, არგუმენტები, არ მიმდინარეობს დისციპლინირებული მუშაობა. ერთს ამბობენ და მეორე შემთხვევაში სხვა რაღაც კეთდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთობა. ისევ პრეზიდენტთან უნდა შევიკრიბოთ, ისევ უნდა დაბრუნდეს ყველა კოალიცია და ეს არჩევნები გადავაქციოთ საერთო ეროვნულ სახალხო რეფერენდუმად. უნდა ჩავიდეთ და უნდა ვთქვათ, რომ საკრებულოსთვის კი არ ვიბრძვით, არამედ დიდი ფუნდამენტის ასაშენებლად, ქართული და ევროპული ფუნდამენტის ასაშენებლად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კითხვაზე, „თუ გახვალთ არჩევნებზე, ვინ იქნება მერობის კანდიდატი, თქვენ იქნებით?“, ხაზარაძემ აღნიშნა:
„ეს უნდა იყოს სახალხო, პროტესტის ხალხის, პარტიების შეთანხმებული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც ჩვენ გრიალით გავიყვანთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის განცხადებით, „დღეს ალტერნატივა ამ ხელისუფლებას აქვს მხოლოდ გაერთიანებაში, დიალოგში, ემოციების გარეშე კარგად აწონ-დაწონაში“.
„მე მინდა, რომ მსჯელობა გაიხსნას. ჩვენ პარტიაში ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევვარდებით არჩევნებში და ამან უნდა დაანგრიოს რაღაც. ჩვენ შევხვდებით არა მარტო პოლიტპატიმრების მშობლებს, არამედ ყველა იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქვს არგუმენტი, საერთო ბრძოლის მოსაგებად რატომ სჯობს ბოიკოტი ან სხვა ტაქტიკა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
0
0