
შარშანდელი დემონსტრაციებისას მიღებულ იქნა „ოფშორების კანონი“, რითაც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან, ახლა ანალოგიური ხმაური ხდება არაბული ინვესტიციის თემის გარშემო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა კანონის ფარგლებში გაგრძელდება.
„მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „რუსული ოცნება“ არის ძალიან სერიოზულ პანიკაში. ამის დასტურია, რომ მე დღეს ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის რუსთაველზე დანაშაულებრივი ორგანიზება, მოლოტოვის კოქტეილის დამზადება, მანქანის აფეთქება. თუ რამე შეიძლება ავადმყოფურ თავში მოიხარშოს, ყველაფერი ჩაწერეს ამ სულელურ ბრალდებაში. მინდა, მივმართო მათ, რაც არ უნდა გააკეთოთ, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, მიუხედავად დიდი მცდელობისა. ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ჩვენი მხრიდან ბრძოლა გაგრძელდება ყველგან კანონიერ ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს სასამართლო და სამართალი. არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ. აქ რაც წერია, არის აბსურდი. ვერანაირი კავშირი ამ ბოდვასა და იმას შორის, თუ რატომ მომიყვანეს აქ, ვერ დავინახე. ეს არის მცდელობა, რომ რაღაცა საფუძველი შექმნან ჩვენი პარტიის აკრძალვის, პიარული კამპანიაა, სიყალბე. საკონსტიტუციო სარჩელს სჭირდება გამყარება, გამძაფრება, რომ თითქოს რაღაცა ტერორისტული ამბავი ხდებოდა.
პოლიტიკას და მართალ სიტყვას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და „რუსული ოცნება“ ვერ გააჩერებს. თქვენ გახსოვთ, შარშანდელი დემონსტრაციებისას მიღებულ იქნა „ოფშორების კანონი“, რითაც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან. ახლა ანალოგიური ხმაური ხდება არაბული თემის გარშემო. ბათუმსა და თბილისში 9 მილიონ კვადრატული მეტრი გადაეცათ არაბებს. ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ქართული საზოგადოება დაინახავს, რამხელა აფიორასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე. პროკურატურამ ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა.
0
0