
მამის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. სასამართლო სხდომა 20 ნოემბერს ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურორის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და მტკიცებულებების ერთობლიობა იმისა, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა.
დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც მოსამართლისაგან უარი მიიღო.
"განსაკუთრებული მოლოდინი იმისა, რომ ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდებოდა, არ გვქონია, თუმცა არსებობს რეალისტური მიდგომა საქმის მიმართ, რის შესახებაც მე სასამართლოზეც გავაჟღერე, თუმცა ზედმეტ წიაღსვლებში მე ამ შემთხვევაში ვერ შევალ. იქნება შესაბამისი გარემო-ვითარება, როდესაც ყველაფერს სათანადო ადგილი ექნება და აიხსნება რა ვითარება არსებობდა, რა ქმედება არსებობდა. დღეის მდგომარეობით, ეს კონკრეტული პირველადი კვალიფიკაცია არსებობს. არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს კვალიფიკაცია ბოლომდე არ დარჩეს", - განაცხადა ადვოკატმა შოთა მანელიძემ.
პროკურორის მიხეილ ბერიაშვილის თქმით, არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მკვლელობა სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა.
"არაერთი უტყუარი მტკიცებულება არსებობს საქმეში, პირველ რიგში, მისი მანქანის ჩხრეკით არის სისხლის კვალი ამოღებული, საგამოძიებო ექსპერიმენტია ჩატარებული ბრალდებულთან, რომელმაც დეტალურად მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, თუ რა გარემოებაში ჩაიდინა მან დანაშაული. საქმეზე გამოძიება გრძელდება, ჩატარდება არაერთი საგამოძიებო და საპროცედურო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად", - განაცხადა პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0