18/11/2024
14:45
სპორტი
ვებსაიტი Liverpool.com, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ შესახებ სიახლეებს ავრცელებს, ეხმაურება საქართველო-უკრაინის მატჩს, რომელშიც ბრიტანული კლუბის მომავალმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა თავი ორმაგი „სეივით“ გამოიჩინა და თავისი გუნდი გოლისგან იხსნა.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მამარდაშვილის გმირობამ საქართველოს ქულის მოპოვებისა და ერთა ლიგის სატურნირო ცხრილში, პოზიციის შენარჩუნების საშუალება მისცა.
„ლივერპულის“ ახალმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომლის ტრანსფერშიც საზაფხულო ფანჯრის დროს „ვალენსიას“ 37 მილიონიანი დოლარი გადაუხადეს და რომელიც ენფილდის სტადიონზე მომავალ წელს გადმოვა, კიდევ ერთხელ მოახდინა იმ უნარების დემონსტრირება, რომელთაც მერსისაიდზე წარმოაჩენს.
როდესაც საქართველომ ძირითად დროში უკრაინასთან ფრედ 1:1 ითამაშა, მამარდაშვილს დამატებული დროის მეორე წუთზე შთამბეჭდავი ორმაგი „სეივის“ შესრულება მოუხდა. 24 წლის მოთამაშემ თავდაპირველად, კარგი რეაქცია გამოავლინა „სეივის“ დროს, როდესაც ბურთი 11-მეტრიანი ნიშნულიდან წამოვიდა, შემდეგ კი ეგრევე თამაშში დაბრუნდა, რომ დამატებაზე წამოსული ბურთი მოეგერიებინა. მისმა გმირობამ საქართველოს ქულის მოპოვების საშუალება მისცა და ერთა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე დატოვა, სადაც ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება“, - წერს გამოცემა.
როგორც Liverpool.com აღნიშნავს, ბრიტანული კლუბის განკარგულებაში უკვე არიან მეკარეები - კეოიმჰინი კელიერი და ვიტეშლავ იაროში, თუმცა, „მამარდაშვილი, როგორც ალისონ ბეკერის სავარაუდო გრძელვადიან მემკვიდრე, კლუბს კიდევ უფრო მეტ ინტენსიურობა და ხარისხს სთავაზობს“.
„მამარდაშვილი მომავლის უდიდეს ტალანტად გვევლინება. მისი მოგერიებები უკვე ელიტურია და ის, ერთ-ერთი იმედის მომცემი მეკარეა. ასეთი მოთამაშეების დამატება, როგორც კი ამის საშუალება გეძლევა, ჭკვიანური სვლაა, რადგან ამ დონის მეკარეების პოვნა ურთულესი საქმეა“, - წერს Liverpool.com.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ მიმდინარე წელს შეიძინა, თუმცა, იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა. ქართველი მეკარე „წითლებს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.
0
0