23/12/2024
12:49
სპორტი
„შეიძლება თუ არა გიორგი მამარდაშვილმა 2025 წელს „ლივერპულში“ ალისონი შეცვალოს?“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა OneFootball-მა მერსისაიდულ კლუბში მამარდაშვილის ტრანსფერი და ალისონ ბეკერთან კონკურენციაში ქართველის შანსი განიხილა.
„23 წლის გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამჟამად „ვალენსიაში“ იჯარით თამაშობს, ინგლისურ კლუბს მომავალ სეზონში შეუერთდება. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ახალგაზრდა მეკარე ალისონ ბეკერის შემცვლელად განიხილება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრაზილიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, არ არსებობს გარანტია, რომ მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადასვლისთანავე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს.
გამოცემა El Desmarque-სთან საუბრისას ქართველმა განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ამბიცია აქვს და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებს: „ვიბრძოლებ მთავარი მეკარის პოზიციისთვის, მაშინაც კი, თუ ალისონი გუნდს არ დატოვებს“. აშკარაა, რომ ქართველი სათადარიგო მეკარის როლით დაკმაყოფილებას არ აპირებს, მისი მონდომება კი „ლივერპულის“ გულშემატკივრებს მოეწონებათ.
გიორგიმ არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა, ალისონთან კონკურენცია ადვილი არ იქნება. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, თითქოს ბრაზილიელს საუდის არაბეთში იწვევენ, ნაკლებად სავარაუდოა, კონტრაქტის დასრულებამდე მან „ლივერპული“ დატოვოს.
მამარდაშვილს ალისონისგან შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოადგება და როცა დრო მოვა, ბრაზილიელის ადგილს დაიკავებს. სიმამაცე და თამაშის სტილი მას „ლივერპულის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეკარის ღირსეულ მემკვიდრედ აქცევს.
მამარდაშვილის სიტყვები ცხადყოფს, რომ „ენფილდზე“ მისვლის შემდეგ მზადაა ალისონს კონკურენცია გაუწიოს, ეს კი ორივე მეკარისთვის კარგი იქნება. ქართველს აქვს პოტენციალი, მომავალში „ლივერპულის“ საკულტო ფიგურა გახდეს, რადგან ის უნარები გააჩნია, რომელიც გულშემატკივრებს აღაფრთოვანებს – მონდომებასა და გამძლეობასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ლიდერის თვისებები გამოავლინოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კარში დაუყოვნებლივ არ დადგება, „ლივერპულში“ მამარდაშვილის მომავალი წარმოუდგენლად ნათლად გამოიყურება“, – წერს გამოცემა.
0
0