21/11/2024
12:23
მსოფლიო
ახალი ზელანდიის აღმოსავლეთით მდებარე ჩეთემის კუნძულის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმას მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვაიტანგის ყურეში, ჯეიდ კაჰუკორ-დიქსონს ნავიდან ჩაყვინთვისას ზვიგენი თავს დაესხა.
დიქსონი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჩეთემის კუნძულის საავადმყოფოში, თუმცა ის გარდაიცვალა. კაჰუკორ-დიქსონი კომერციული მყვინთავი იყო. ის ჩეთემის კუნძულებზე ცხოვრობდა. მისმა მამამ ჯეკი დიქსონმა ახალ ზელანდიურ საინფორმაციო გამოცემას განუცხადა, რომ ჯეიდი, სავარაუდოდ, დიდ თეთრ ზვიგენს ემსხვერპლა. მისივე თქმით, ჯეიდს თეთრი ზვიგენების არ ეშინოდა და ხშირად ხედავდა მათ ყვინთვის დროს.
ახალი ზელანდიის პოლიციის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით ოფიცრები გამოიძახეს. გარდაცვლილის ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ჩეთემის კუნძულები ახალი ზელანდიის აღმოსავლეთით მდებარეობს და შედგება 60 კმ რადიუსის მქონე ათი კუნძულისგან, სადაც 800-მდე ადამიანი ცხოვრობს.
0
0