
აღიარეთ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულად აირჩია საკუთარი ხალხის მიერ და ლეგიტიმურად არის ხელისუფლებაში, ეძიეთ დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პარტიასთან, - განაცხადა საქართველოს საკითხზე PACE-ში დებატებზე „ევროპელ კონსერვატორთა და პატრიოტთა“ (ECPA) ჯგუფის წევრმა, მალტე კაუფმანმა.
მალტე კაუფმანმა აღნიშნა, რომ მისი ჯგუფი უარყოფს რეზოლუციას, რომელიც, მათი შეფასებით, „ძირითად პუნქტებში ძალიან შორს მიდის“.
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს. საუბარია დემოკრატიის წინაშე არსებულ მწვავე საფრთხესა და კანონის უზენაესობის ეროზიაზე. თუმცა ჩვენ, „ევროპელ კონსერვატორთა და პატრიოტთა“ ჯგუფში მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია ძირითად პუნქტებში ძალიან შორს მიდის და ამიტომ უარვყოფთ მას“, - აღნიშნა მან.
„საქართველოში არსებული ვითარება, უდავოდ ხასიათდება ღრმა პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობით, თუმცა განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში, ჩვენ გვჯერა, რომ შერიგებისა და დიალოგის ძიება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა კაუფმანმა.
„ზუსტად იმიტომ, რომ ევროპის საბჭო იცავს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას, ჩვენი მოვალეობაა, მოვითხოვოთ პოლიტიკური პატიმრების, ანუ მათი შეხედულებების ან კრიტიკული პოზიციის გამო დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. ჩვენ ამას საქართველოს მთავრობისგან ვითხოვთ. თუმცა, შემდგომი გარიცხვის ნაცვლად, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ საქართველოს დელეგაციის ევროპის საბჭოში დაბრუნება. მეორე - აღიარეთ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულად აირჩია საკუთარი ხალხის მიერ და შესაბამისად, ლეგიტიმურად არის ხელისუფლებაში. და მესამე - ეძიეთ დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პარტიასთან, როგორც ოპოზიციასთან, ასევე მთავრობასთან. დიდი იმედი მაქვს, მალე მივესალმებით ჩვენს ქართველ კოლეგებს ჩვენს წრეში დაბრუნებას, რადგან საქართველო ევროპის ნაწილია და ძალიან გვაკლია“, - დასძინა მან.
0
0