
ჯიბუტიში, მალარიის გადამტანი ინვაზიური მწერის გავრცელების მიზნით, ათიათასობით გენმოდიფიცირებული კოღო გაუშვეს. „მეგობრული“, არასახიფათო მამრი კოღოები [მეცნიერული სახელწოდება - Anopheles stephensi] ბრიტანეთში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანია Oxitec-ის მიერ გენმოდიფიცირდა - ისინი ატარებენ გენს, რომელიც მდედრ კოღოებს მომწიფებამდე ხოცავს. როგორც ცნობილია, მხოლოდ მდედრი კოღო იკბინება და ავრცელებს მალარიას და სხვა ვირუსულ დაავადებებს.
„კოღოების პირველი პარტია ქალაქ ჯიბუტის გარეუბანში, ამბულში, გავუშვით. ეს „უწყინარი“ კოღოები ველური ტიპის მდედრ კოღოებთან წყვილდებიან“, - განუცხადა BBC-ს საპილოტე პროგრამის ხელმძღვანელმა გრეი ფრანდსენმა.
აღნიშნული ღონისძიება ჯიბუტიში ორი წლის წინ დაიწყო, რათა მთავრობას კოღოს ინვაზიური სახეობის - ანოფელეს სტეფენსის - გავრცელება შეეჩერებინა, რომელიც ქვეყანაში პირველად 2012 წელს აღმოაჩინეს. იმ დროისთვის, ჯიბუტი მალარიის აღმოფხვრის ზღვარზე იყო - დაავადების მხოლოდ 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მას შემდეგ, მალარიის შემთხვევები ქვეყანაში ექსპონენტურად გაიზარდა და 2020 წლისთვის 73 000-მდე მიაღწია.
გენმოდიფიცირებული კოღოები პირველად აღმოსავლეთ აფრიკაში და მეორედ - მთლიანად კონტინენტზე გაუშვეს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, მსგავსი ტექნოლოგია წარმატებით არის გამოყენებული ბრაზილიაში, კაიმანის კუნძულებზე, პანამასა და ინდოეთში. 2019 წლის შემდეგ, მთელ მსოფლიოში გაშვებულია მილიარდზე მეტი გენმოდიფიცირებული კოღო.
0
0