
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ფოტოგრაფმა „ინსტაგრამზე“ კრივის დროს გადაღებული ორი სურათი გამოაქვეყნა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მაკრონი რუსეთის წინააღმდეგ გაცილებით უფრო მკვეთრი მოწოდებებით გამოვიდა და ძალისმიერი მეთოდების გამოყენების მხარდაჭერა დაიწყო.
სოციალურ მედიაში ეჭვები გაჩნდა, იყო თუ არა მაკრონის ფოტოები დამონტაჟებული. სკეპტიკოსებმა ფოტოზე ასახული მაკრონის ბიცეფსის ზომა ხელახლა გამოქვეყნებულ კრივის დროს გადაღებულ სურათს შეადარეს, რომელზეც 46 წლის მაკრონი უფრო გამხდარი მკლავით ჩანს.
ასევე „ტვიტერის“ მომხმარებლებმა Soazing de la Moissonnière-ის მიერ გადაღებული ფოტოების შესახებ ხუმრობით დაწერეს, რომ მოყვარულ მოკრივე მაკრონს, სურს გვაჩვენოს, რომ ის რუსეთისა და მისი 71 წლის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. როგორც ცნობილია, ფოტოები ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა გამორიცხული არ იქნება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის ცნობილმა ექსპერტმა გასპარ განცერმა გაზეთ Nice-Matin-თან საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ფოტოებით, სურს დაამტკიცოს, რომ "ის არის ტიპური ფრანგი... და, რომ ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია... მას ბრძოლა სურს."
მაუწყებელ CNews-ის განცხადებით, „ორ ფოტოზე ვხედავთ საბრძოლველად მომზადებულ სახელმწიფოს მეთაურს, მისი მზერა სავარჯიშო ტომარაზეა მიპყრობილი. თითქოს ოპონენტების დამარცხება აქვს გადაწყვეტილი. პრეზიდენტი ნამდვილ მეომრად გამოიყურება."
თუმცა, პრეზიდენტის ფოტოები საფრანგეთში ყველას არ მოეწონა. ოპოზიციური მწვანეების დეპუტატმა სანდრინ რუსომ მაკრონის ფოტოზე კომენტარი დაამატა: "რა უბედურება ხდება პოლიტიკაში!"
"პოზა, როგორც ჩანს, ხელსაყრელია", - წერს ფრანგული ყოველდღიური გაზეთი Le Figaro, თუმცა დასძინა, რომ ფოტოები "ბევრი დაცინვის ობიექტი გახდა".
როგორც ცნობილია, ემანუელ მაკრონის მეუღლემ, ბრიჯიტ მაკრონმა ნოემბერში განაცხადა, რომ პრეზიდენტი კვირაში ორჯერ კრივში ვარჯიშობს.
0
0