12/04/2023
15:04
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან, პირველად ისაუბრა მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის პროკურატურამ მას ბრალი 34 მძიმე დანაშაულში წაუყენა.
„რესპუბლიკური პარტიის“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოზე გავლენა დაკარგა მას შემდეგ, რაც მან [ტრამპმა] თანამდებობა დატოვა.
"შედეგად, თქვენ ეს გიჟური სამყარო მიიღეთ. შეერთებულ შტატებს აბსოლუტურად არაფერი აქვს სათქმელი. მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთში სი ძინპინგს [ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს] ეპირფერება [„უკანალზე კოცნის“]. მე ვთქვი კიდეც: "საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ იხრება," - განაცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანთან ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელებს მიმართა, რომ არ მიეჯაჭვონ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას. ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები არ უნდა ჩაერთონ პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირებაში ტაივანის საკითხთან დაკავშირებით.
ჩინეთმა პირობა დადო, რომ დაიბრუნებს ტაივანზე კონტროლს, ხოლო აშშ-ის მთავრობა ტაივანს თავის დაცვაში დახმარებას ჰპირდება. მაკრონის კომენტარებმა შეშფოთება გამოიწვია ვაშინგტონში, თუმცა როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, ბაიდენის ადმინისტრაცია თვლის, რომ "აშშ-სა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა კვლავ კეთილგანწყობილი და სანდოა.“
0
0