
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, იაგოდა ლაზარევიჩთან, რომელიც თბილისს საქართველოსა და სერბეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების საინაუგურაციო ცერემონიაზე დასწრების მიზნით ესტუმრა.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. აღინიშნა, რომ თბილისსა და ბელგრადს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ბიზნესკავშირებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე მგზავრთა ნაკადების გაზრდასა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარებას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ტურიზმის, საინფორმაციო-ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნეს-საზოგადოებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მსჯელობა შეეხო საქართველოსა და სერბეთს შორის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მეორე სხდომის ჩატარების შესაძლებლობას.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სერბული მხარის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ, რაც ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა ევროინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზეც იმსჯელეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.
0
0