
ჩვენ ვხედავთ, რომ ღიად ხდება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, ღიად ხდება ქართულ პოლიტიკაში უცხოელი აქტორების მონაწილეობა, ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა განცხადებები, რეზოლუციები, სხვადასხვა აქტები, რომელიც გამიზნული იყო შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, ეს კეთდებოდა არჩევნების წინ პროტესტის გამოსაწვევად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.
მინისტრის თქმით, ბოლო წლებში გარე ჩარევები აღარ არის შეფარული, არამედ ღიად ხდება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა გარე აქტორების მიერ.
„ეს მუდმივად ხდება ხოლმე შეფარულად, თუმცა ბოლო წლებში რასაც ვუყურებთ, ეს საფარველი აღარ არსებობს და ღიად ხდება ამ პროცესებში მონაწილეობა. ჩვენ ვხედავთ ხშირად ევროპელი ბიუროკრატების არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ უცხოელი პოლიტიკოსები ვიხილეთ საქართველოში საპროტესტო აქციებზე. ვიხილეთ არა მარტო უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც ხშირად ამართლებენ ხოლმე, რომ ისინი თავისუფალი პოლიტიკოსები არიან, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრები, რაც წარმოუდგენელი რამ არის დიპლომატიაშიც, ქვეყნებს შორის ურთიერთობებშიც. ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ, თუმცა ჩვენმა ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ სწორად შეაფასა და აფასებს ამ ყველაფერს, სწორად ხდება ჩვენი საზოგადოების მობილიზაცია ეროვნული ინტერესების გარშემო. სწორედ ეს განაპირობებს „ქართული ოცნების“ პოპულარობასაც და მის იმ მხარდაჭერასაც, რაც აქვს. ეს არის ერთგვარი პასუხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების უცხოური გავლენის თუ ჩარევის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
0
0