
ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ეს მიზნად ისახავს, ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები და მოწყვლადობა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა. ამ კონტექსტში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ. ეს დესტრუქციული მცდელობები მიზნად ისახავს, ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მსგავსი მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობებს, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას, მათდამი საზოგადოების ნდობას. მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას. ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ, საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით. გვჯერა, რომ დემოკრატიული მმართველობის დაცვა, მდგრადობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში.
ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას – „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის“, რომელიც ვაშინგტონში იქნა მიღწეული შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამავლობით. ეს ისტორიული შეთანხმება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამხრეთ კავკასიაში განგრძობადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მყარ საფუძველს ქმნის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის, განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის. საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის, სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0
ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს
04/12/2025