
საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხდა.
მინისტრის თქმით, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში კონტრიბუციაზეა როდესაც არის საუბარი, საქართველომ ბევრად მეტი კონტრიბუცია გააკეთა, ვიდრე მიიღო.
„დღეს ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ბევრ მოვლენას, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, რომელმაც შეიძლება, განსაზღვროს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურა. ჩვენს ხელში რაც არის, ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდა. საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, რომ მომზადებული ყოფილიყო ნატო-ს წევრობისთვის და ამ ქვეყნისთვის დაეხურა ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა. ყველაფერი გავაკეთეთ, მაქსიმუმია გაკეთებული. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ერთადერთი, რაც 2008 წელს აკლდა საქართველოს, ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რომ არ მიეცა, ეს იყო ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა თუ არ არსებობა, თუ შეიძლება, არასაკმარისი ნება, მოდით, ასე ვთქვათ, საქართველოს ჰქონოდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ეს იყო ერთადერთი და ასე გაგრძელდა. ერთადერთი, რაც ამ პროცესში გვაკლია, ეს არის ნატო-ს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები და შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლინება. ეს გამოვლენილი იქნება თუ არ იქნება, ამაზე, სამწუხაროდ ძალიან დიდი გავლენის მოხდენა დღეს არ შეგვიძლია. საქართველოს მაქსიმუმი აქვს გაკეთებული, რომ ეს პოლიტიკური ნება საქართველოს სასარგებლოდ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში. ამდენი არავის არ გაუკეთებია. როდესაც კონტრიბუციაზე ვსაუბრობთ დღეს, საქართველომ ბევრად უფრო მეტი კონტრიბუცია გააკეთა ევრო ატლანტიკურ უსაფრთხოებაში ვიდრე ჩვენ მივიღეთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0