
საუკუნეებია, რაც საქართველო აკავშირებს ევროპას და აზიას, შავი ზღვის სანაპირო ყოველთვის იყო შეხვედრის ადგილი სხვადასხვა ცივილიზაციისთვის და კულტურისთვის. სწორედ ამან მიანიჭა საქართველოს უნიკალურობა, გამოცდილება, უნიკალური მახასიათებლები. როდესაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება და ხდება გლობალური სავაჭრო მარშრუტების გადალაგება, საქართველო სწორედ აქ არის და მზად არის, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის განვითარებაში, რაც მნიშვნელოვანია ევროპისთვის და აზიისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე თემაზე -„გლობალური ვაჭრობის განახლება“.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან.
„საქართველო 2014 წლიდან არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისარგებლოთ თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებით. გარდა ამისა, ჩვენ ვავითარებთ თანამშრომლობას და პარტნიორობას სხვადასხვა აქტორებთან, ეს ეხება არამარტო რეგიონის მეზობლებს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. საქართველოს უკვე 16 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს – ეს არის ჩინეთი, დსთ-ს ქვეყნები, მეზობელი ქვეყნები, საამიროები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ათწლეულებია, რაც აზერბაიჯანთან და თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს დამყარებული, ეს ეხება უკვე განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს, რაც დიდ დამატებით ღირებულებას სძენს შუა დერეფანს, რადგან ტრანსპორტის დაკავშირებადობას შეეხება.
„გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთთანაც. სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ და ამის ფონზე რეგიონს დამატებითი ფასეულობა ენიჭება. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა ვითარდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღევანდელ სცენაზე სამი პრემიერ-მინისტრი ერთად იდგა. ყველაფერი განსხვავებული იყო ორი წლის წინ და დღეს, პრემიერ- მინისტრები ერთმანეთს მადლობას უხდიან, ვხედავთ, თუ რა დინამიკაა რეგიონში, რაც შესაძლებლობებს ქმნის სამხრეთ კავკასიისთვის. ახალი რეალობაა, რომელიც შეიძლება, გამოვიყენოთ, ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის. გლობალურად პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია არა მარტო ევროპისა და აზიისთვის, არამედ მსოფლიო დონეზეც, ვართ მიმზიდველი და ღია ეკონომიკით. საქართველოს მონაცემებს როცა ვუყურებთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ძალიან შთამბეჭდავია. ეს რიცხობრივი მაჩვენებლები სტრუქტურირებული რეფორმების შედეგია, რომელიც უკვე განხორციელდა ათწლეულების განმავლობაში. კორუფციის დაბალი დონე, ასევე ღია ეკონომიკა, დაბალი გადასახადები – კარს უხსნის ინვესტორებს. ამით ძალიან ვამაყობთ და ძალიან ბევრს, ბეჯითად ვმუშაობთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენ ვავითარებთ პარტნიორობებს და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0