
ქართული მხრიდან იყო ერთგვარი კეთილი ნება, მზაობის გაცხადება საქმით, რომ მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის და მზად არის საუბრისთვის ყველაზე რთულ საკითხებზე, ისეთ საკითხებზე, რომელზეც ყველაზე მეტად წუხს და ხშირად წუხს ევროკავშირი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადების საკითხზე ისაუბრა, რომელიც საგარეო უწყების ინფორმაციით, 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა გამართულიყო და შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო.
„ეს არ იყო იდეალური დასაწყისი, რომელიც შეიძლება, ქართულ მხარეს ნდომოდა ევროკავშირთან სასაუბროდ. ჯერ ერთი, ჩვენ არ შეგვიწყვეტია არანაირი დიალოგი და ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ დღეს ევროკავშირს ძალიან სჭირდება ტრანსპორტის თემებზე დაკავშირებადობაზე ჩვენთან საუბარი, ჩვენ უამრავი ფორმატი გვაქვს, სადაც ამ თემებზე ვსაუბრობთ ევროკავშირთან და შეიძლებოდა, ასე გაგვეგრძელებინა, ასე გაგვეახლებინა დიალოგი ევროკავშირთან, თუმცა, გარკვეულწილად, ქართული მხრიდან გამოიხატა ეს მზაობა და ევროკავშირს გაეგზავნა ეს გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ყველაზე რთულ საკითხებზე, რა თქმა უნდა, თუკი ეს წაადგება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზებას. ეს მათი მხრიდან არის მუდმივად წუხილის საგანი და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მზაობა იყო, რომ ამ თემაზე გვესაუბრა, დიალოგის თარიღიც დავთქვით, მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩატარდა, შესაბამისი უწყებები ძალიან სერიოზულად ემზადებოდნენ ამ შეხვედრისთვის და რა თქმა უნდა, ქართული მხარე კეთილსინდისიერად აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ბრიუსელში შეხვედრა ჩატარებულიყო. ცოტა უკან რომ შევხედოთ, რა ხდებოდა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ეს თუ არ ვცდები, მაისის, თუ ივნისის თვე იყო და დავიწყეთ შეთანხმება, როდის შეიძლება ჩატარებულიყო ეს შეხვედრა, ამ საუბრის დაწყებიდან ძალიან მალე ჩვენ ევროპარლამენტში ვიხილეთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც სრულიად გაუმართლებლად დააბრალა ქართულ მხარეს, თითქოს, ის უარს აცხადებდა ადამიანის უფლებათა დიალოგის ჩატარებაზე და შემდგომაც, ამ პროცესში არაერთხელ გამოჩნდა ასეთი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება, გვაფიქრებინოს, რომ არ ყოფილა ამ შეხვედრის ჩატარება, ასეთი განზრახვა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა მხარეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ გააუქმა ბრიუსელმა შეხვედრა ქართულ მხარესთან და იყო თუ არა ამის მიზეზი ქართული დელეგაციის შემადგენლობა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საუბარი იყო დელეგაციაზე, დელეგაციის შემადგენლობაზე და ქართული დელეგაციის შემადგენლობას ვერ განსაზღვრავს ვერავინ სხვა, თუ არა ქართული მხარე.
„რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პრეროგატივა საკითხებიდან გამომდინარე, რა საკითხებიც იყო და არის დღის წესრიგში, სხვათა შორის, ევროკავშირის მხრიდან იყო მოწოდებული ეს დღის წესრიგი, ჩვენ არ შეგვიდგენია. იმ საკითხებზე შესაბამისი უწყებების პასუხისმგებელი პირები განისაზღვრა და ბუნებრივია, დელეგაცია შედგა სწორედ იმ დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომელი დღის წესრიგიც მოწოდებული იქნა ევროკავშირის მხრიდან, ბრიუსელიდან და არა ჩვენი შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით. შესაბამისად, რამე მინიშნებები დელეგაციის არასწორად შედგენაზე, დელეგაციის არასწორად დაკომპლექტებაზე, ეს არის უსაფუძვლო და სრულიად მიუღებელი ქართული მხარისთვის. რაც შეეხება სანქციების თემას, აქ გაჟღერდა, თითქოს, დელეგაციაში იყო სანქცირებული პირი. არ არის საქართველოს არცერთი მოქალაქე ევროკავშირის მხრიდან სანქცირებული. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ევროკავშირზე და საქართველოს შორის დიალოგზე და ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა იმიტომ არის ერთსულოვანი, იმიტომ სჭირდება ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა, რომ ეს უნდა ამოძრავებდეს ბრიუსელს თავის გადაწყვეტილებებში, ბრიუსელი უნდა ეყრდნობოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას. ჩვენ ხომ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველა გადაწყვეტილება ყველა ქვეყანას მოსწონს, რასაც ევროკავშირი მიიღებს, მაგრამ როდესაც ერთსულოვნად მიიღება გადაწყვეტილებები, ის შესაბამისად უნდა აღასრულონ და აღსრულდება წევრი ქვეყნების მხრიდან, ასეთი გადაწყვეტილება კი არ ყოფილა, ასეთი კარნახი არ ყოფილა ევროკავშირის მხრიდან, რომ ბრიუსელს და საგარეო ქმედებათა სამსახურს ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო. მეტიც, ჩვენ ამ პერიოდში ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა წევრ ქვეყნებთან ბრიუსელშიც და დედაქალაქებშიც, უმეტესწილად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქები საუბრობენ საქართველოსთან დიალოგის საჭიროებაზე და ისინი ელოდნენ ამ დიალოგის ჩატარებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უმეტესწილად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არის განწყობა, რომელიც არის დიალოგისკენ მიმართული, რომ საქართველოსთან უნდა იყოს დიალოგი.
„ასეთი განწყობები არის უმეტეს წევრ ქვეყნებში, რასაც ვერ ვიტყვი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომლებიც წინააღმდეგი არიან საქართველოსთან დიალოგის აღდგენის. საფრანგეთის მხრიდან ძალიან ცხადად არის მინიშნებები, ჩვენ უმაღლეს დონეზე გვქონდა მინიშნება, რომ დიალოგი უნდა აღდგეს საქართველოსთან, დიალოგი უნდა მიმდინარეობდეს და თუ დააკვირდებით ამ დინამიკას, მას შემდეგ, რაც ელჩი შეიცვალა საქართველოში, ძალიან ბევრი ღონისძიება, თუ შეხვედრა ტარდება, რაც გულისხმობს და არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები არ იყოს შეზღუდული კაია კალასის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც მიმართულია საქართველოსთან დიალოგის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მოითხოვა თუ არა ბრიუსელმა, ალექსანდრე დარახველიძე ამოღებულიყო დელეგაციიდან და ცდილობდნენ თუ არა ისინი, შეხვედრა მაინც შენარჩუნებულიყო დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ამაზე ასეთი მოთხოვნები ვერ იქნებოდა.
„შეიძლება, მინიშნებები იყო დელეგაციასთან დაკავშირებით, თუმცა, ასეთი კონკრეტული მოთხოვნა ბუნებრივია, ვერ იქნებოდა და არც უნდა ყოფილიყო მარტივი მიზეზის გამო, ევროკავშირის მხრიდან სანქცია დაწესებული არ არის საქართველოს არცერთ მოქალაქეზე და ბუნებრივია, ეს ვერ იქნებოდა. სხვათა შორის, საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ მოგვივიდა გზავნილი, რომ ეს შეხვედრა უნდა გადადებულიყო, რამდენიმე დღით ადრე, თუმცა დრო იყო კიდევ თუნდაც, გარკვეულ საკითხებზე, თუკი პრობლემატური იყო, მომხდარიყო შეჯერება, თუმცა ინფორმაცია, რომელიც საგარეო ქმედებათა სამსახურიდან გასაჯაროვდა და გამოვიდა მედიაში, იყო სხვაგვარი ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ევროკავშირის მხარე, ამ შემთხვევაში საგარეო ქმედებათა სამსახური მოქმედებდა და არ ჰქონდა ევროკავშირის მხარეს გულწრფელი სურვილი ამ შეხვედრის ჩატარების, თუმცა მეორე მხრივ, ეს არც დასასრულია და არც ამით სრულდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ბუნებრივია, რაც უფრო მეტი ქვეყანა და მეტი წევრი სახელმწიფო გააცნობიერებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პოლიტიკის არასწორ მიმართულებას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მით უფრო ცხადი გახდება ის, რომ საქართველოსთან დიალოგი არის გარდაუვალი და საქართველო-ევროკავშირს შორის ნამდვილად საჭიროა ურთიერთობების ნორმალიზება. ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა; ეს არის გარკვეულწილად, რაღაც ტყვედ აყვანილი ურთიერთობები კონკრეტული პირების და კონკრეტული აქტორების მხრიდან, ამ შემთხვევაში პირდაპირ საგარეო ქმედებათა სამსახურის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან როდესაც გესმის მზაობა ურთიერთობებისთვის, გესმის, რომ ისინი მზად არიან, ჰქონდეთ დიალოგი, მაგრამ მითითება აქვთ პირდაპირ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან, ცხადია საიდანაც მოდის, აქ ჩვენ კითხვის ნიშნები ნამდვილად არც გვაქვს და მოველით, რომ გარკვეულ გავლენას მოახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, უხერხულიც კია იმაზე საუბარი, რომ ჩვენი ქვეყნის დელეგაციის შემადგენლობა შეუთანხმო სხვას, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან სხდებიან.
„წარმოუდგენელია, ასეთი რამ არასდროს არავის არ გაუკეთებია, მოგწონს-არ მოგწონს რას ნიშნავს, მოდი ჩემთან მოლაპარაკებებზე, ის ადამიანი მოიყვანე, ვინც მე მაწყობს, ასეთი რაღაც არ ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში, წარმოუდგენელი რამ არის და ბუნებრივია, ვერ გავხდით დელეგაციის შემადგენლობას ვერსად, ვერცერთ ქვეყანასთან, ვერცერთ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების საგნად. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივა, ეს არის საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაცია და ვისაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, რომ საჭიროა დღის წესრიგის ამა თუ იმ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, ამით დაკომპლექტდება ყოველთვის საქართველოს დელეგაცია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
1
0