
„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ქმედება და განცხადება დადასტურებაა, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული პარტია, რომელიც საქართველოს ინტერესებისგან ძალიან შორსაა, ასევე მომხრეა საგარეო ჩარევების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებაზე, სადაც სანიკიძე ამბობს: „ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის 70 პროცენტი წყდება ქვეყნის გარეთ, დანარჩენი 30 პროცენტი – შიგნიდან. ტალღას აქვს თავისი ლოგიკური მომენტი, რომელსაც სჭირდება მზადება. არ მაქვს შეგრძნება, რომ ხვალ 200 ათასი კაცი გამოვა. ივანიშვილს მთავარი შიში აქვს ქვეყნის გარეთ. ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდზე მეტს არავინ აკეთებს“.
ბოჭორიშვილის შეფასებით, მათთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი, რას ფიქრობს ქართველი ხალხი.
„ეს არაერთხელ გამოჩნდა მათი საარჩევნო სტრატეგიების განხორციელებისას, საპარლამენტო არჩევნების დროს კამპანიას აწარმოებენ არა საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ, სხვა ქალაქებში. ეს იყო დასტური, რომ მათთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი, რას ფიქრობს, რას წყვეტს ქართველი ხალხი. მათი ინტერესები სულ სხვაგან არის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1
0