
საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქმენეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რომელიც ეფუძნება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქმენეთს შორის პარტნიორული კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვანია.
„მივესალმებით საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის დინამიკას, წელს უკვე განხორციელდა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა, მაღალი დონის შეხვედრები, ეს ბიძგს აძლევს უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას ქვეყნებს შორის. დღევანდელი ვიზიტი ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის განვითარებისთვის. ჩვენი პოლიტიკური დიალოგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში, რაც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მომავალ წელს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის მორიგ შეხვედრა, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება შემდგომი თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიცირებისთვის და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ქვეყნებს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკმაოდ კარგი პოტენციალი.
„ვფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საგარეო საქმეთა სამინისტროები ორ ქვეყანაში შორის, საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის და კავშირების გაძლიერებას. საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ინტენსიური თანამშრომლობა, ბუნებრივია, გაგრძელდება და ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ პოზიტიური დინამიკაში. საქართველო ამ დღეებში მასპინძლობს აბრეშუმის გზის ფორუმს, რაც უკავშირდება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, ეს არის დაკავშირებადობა და ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც თურქმენეთთან ურთიერთობების გაძლიერება ჩვენთვის არის პრიორიტეტული. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, საქართველოც და თურქმენეთიც პატივს სცემენ საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ნორმებს. მე კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა, მზად ვართ, გავაგრძელოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ჩემთვის ასევე პატივი იყო, მქონოდა დისკუსია ჩემს კოლეგასთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც შეეხება ჩვენს რეგიონს, უფრო ფართო რეგიონს, უსაფრთხოების საკითხებს ჩვენს რეგიონში და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას, რასაც ნამდვილად ვიზიარებთ, იმისთვის რომ უფრო მეტად შევძლოთ თანამშრომლობა, ეკონომიკური კავშირების გაძლიერება ჩვენს ქვეყნებს შორის და უფრო ფართოდ რეგიონში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
0
0