
ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, გორდან გრლიჩ რადმანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში საქართველო- ხორვატიის თანამშრომლობას; აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის განვითარების, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და 2023 წელს, ზაგრებში, საქართველოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობა.
„შეხვედრაზე ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველო ხორვატიას მიიჩნევს სანდო პარტნიორად და მადლობელია ხორვატიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მხარეთა შორის დიალოგის აუცილებლობას.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0